როგორც მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, პროკურატურის მოთხოვნით ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეს ჩაუტარდა.
10 ოქტომბერს, გიგა მაქარაშვილს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდა, მერიის ადმინისტაციული სამსახურის უფროსი, თემურ მანველიშვილი მიეპარა და თავზე ნაგვის ურნა დაამხო.
მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტია“ აქტივისტები მერიასთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შესახებ გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. მათ ადმინისტრაციული შენობის წინ ნაკელი და ხორბალი ჰქონდათ დაყრილი.
„გორის მერისთვის გვინდოდა განმარტება გვეთხოვა მის გუშინდელ განცხადებაზე, როდესაც ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. მივიტანეთ საკენკი და ნეხვი. მოვითხოვეთ გამოსულიყო და განმარტება გაეკეთებინა. მოგვიანებით, ბუნებრივია, ჩვენ თვითონვე დავიწყეთ ამ ყველაფრის ალაგება. ავალაგეთ. ბოლო ხორბალს ვიღებით, როდესაც უკან ვიღაც მომეპარა და ხორბალი, რაც იყო, თავზე დამაყარა. პოლიცია მომენტალურად მოვიდა. იმედია, კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს, მათ შორის, გორის მერიც“, - ამბობდა გიგა მაქარაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.